Newscafe

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პრობლემა




ანი ხარშილაძე


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი პირობა - სტაბილური მუშაობის უფლება საქართველოში კვლავ ირღვევა. შშმ პირებს დამსაქმებლები, ძირითადად, სამსახურის დაწყებაზე უარს ეუბნებიან.

ამას ეხმიანება 25 წლის ესმა გუმბერიძე, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა და დღეს მისი საქმიანობა მხოლოდ მოხალისეობრივი ხასიათისაა: ,,მქონია ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე დროებითი სამსახური, მაგრამ ყველა მათგანი იყო სპეციალურად შშმ პირისთვის შექმნილი, ან შშმ პირთა ორგანიზაციაში, ან შშმ პირობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევის მიზნით“.

ესმა სამსახურის დაწყების მცდელობისას დისკრიმინაციის მსხვერპლიც გახდა. პირველად,  ბანაკის ლიდერობაზე უარი უთხრეს:,,შენ უსინათლო ხარ და ვერ შეძლებ  ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევას“-ამბობს ესმა. ბავშვების ასაკი 14-17 წელი იყო და მეწყვილესთან ერთად იმუშავებდა, რაც მოახალისეობრივად უკვე გამოცდილი ჰქონდა. აქვე აღნიშნავს რომ დამსაქამაბელი ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაცია იყო.

ცოტა ხნის შემდეგ ესმამ კიდევ ერთი უარი მიიღო. ამჯერად ტყუილის პირისპირ აღმოჩნდა. სივში არ მიუთითებია რომ შშმ პირი იყო. გასაუბრების შემდეგ კი აღარ აიყვანეს. ესმა იხსენებს:,,ერთ დღეს არაფორმალურ გარემოში შევხდი ერთ-ერთ დამსაქმებელს და ვკითხე რა იყო ჩემი არაყვანის მიზეზი“, პასუხად მიიღო რომ, მათთვის ვიწროდ სპეციალიზებული კადრი აიყვანეს. ის ადამიანი ესმამ გასაუბრებაზე გაიცნო, რომლის მონათხრობი და დამსაქმებლის პასუხი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

სახალხო დამცველის 2017 წლის მონიტორინგიც ადასტურებს, რომ შშმ პირებისთვის სამუშაოს დაწყება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დასაქმება ძირითადად ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივებით ხდება და კამპანიური ხასიათისაა. მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები, რაზეც ,,თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისვის - PER-ის“ წარმომადგენელი ოლგა კალინა გვიყვება. მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს,  როგორც თვითონ აღნიშნავს გაუმართლა და დღეს სამგან მუშაობს. მისი თქმით პარანოიდული შიზოფრენიის მქონე ადამიანებისთვის მთავარი პრობლემა შეუფერებელი სამუშაო პირობებია. ,,კარგი იქნებოდა, თუ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნებოდა უფრო ფართო ქსელი, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები ნახევარ განაკვეთზე იმუშავებდნენ, უბრალოდ უნარებისა და თვითშეფასების აღდგენის მიზნით. ჩვენთან გვთავაზობენ ისეთ სამსახურებს, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია“.

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC-ის“ ადვოკატისა და კოორდინატორ/მკვლევარის, მარიამ ჯანიაშვილის თქმით არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად პროექტებზე არიან მიბმულნი. მათთვის ძალიან რთულია რესურსების გამოყოფა და შშმ პირთა დასაქმება. ,,ბოლო პროექტზე მუშაობისას ახალგაზრდა, ჭკვიანი გოგო დავასაქმეთ, პარანოიდული შიზოფრეენის დიაგნოზი აქვს, მაგრამ პროექტი 2 წლიანია და დასრულების შემდეგ გაშვება მოგვიწევს“,-ამბობს მარიამ ჯანიაშვილმა.

სოციალური მუშაკი, სოფო შუღლიშვილი, კიდევ ერთ პრობლემას გამოყოფს-დამსაქმებლის დამოკიდებულება შშმ პირისადმი.

22 წლის ილია ზოსიმოვიმ, რომელსაც ნერივულობის ფონზე ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, დამოუკიდებლად არაერთხელ სცადა სამსახურის დაწყება, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა: ,,რისი მიზეზიც ჩემი ჯანმრთელობა, უფრო ზუსტად კი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი გახლდათ“. მათ, ვისაც ფიზიკური შშმ პირობის გამოხატულება არ აქვთ, შეუძლიათ დამალონ დიაგნოზი, რასაც ოლგა კალინაც ადასტურებს:,,მე არ ვარ ვალდებული გავამჟღავნო ჩემი დიაგნოზი, როცა დამსაქმებელთან მივდივარ.“ მაგრამ ილია ამას ვერ მალავდა:,,საბოლოოდ ყველა გასაუბრებაზე იძულებული გავხდი, მეთქვა სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზი - ჩემი ფსიქიკური აშლილობა. როგორც კი ამას ვამბობდი გამსაუბრებლებს გამომეტყველება ეცვლებოდათ, თითქოს, მათ ჩემ მიმათ ინტერესი და ნდობა ეკარგებოდათ“.

ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, ქმედება და ვალდებულებები. 2014 წლის 20 იანვარიდან დღემდე სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე. ესენია: სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა; სუბსიდირების, კვოტირებისა და სტაჟირების პროგრამები; კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა.

სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებები შშმ პირთა დასაქმების შესახებ მოცემულია გაეროს კონვენციის 27-ე მუხლში, რომლის მიხედვით სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შრომით ბაზარზე შშმ პირთა დასაქმებისა და სამსახურეობრივი წინსვლის შესაძლებლობას, ისევე როგორც სამუშაო ადგილების მოძიებას. დაასაქმოს ისინი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. საბოლოოდ კი სხვებთან თანასწორ პირობებში დასაქმების შესაძლებლობა უზრუნველყოს.

მაგრამ ამ მიზნამდე ხშირ შემთხვევაში ვერ მივდივართ, რადგან ,,სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის ამოწურვის შემდეგ, შშმ პირები უმეტესად მუშაობას ვერ აგრძელებენ“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

 მექანიზმის არაეფექტიანობაზე მეტყველებს სსიპ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისიტკური მონაცემები, რომელიც  2017-2018 წლებში თითქმის უცვლელია. 2016 წლის მონაცემებით, შრომის მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული იყო დასაქმების მაძიებელი 2464 შშმ პირი, რომელთაგან მხოლოდ 58 დასაქმდა. 2017 წელს 3535-იდან 103, ხოლო 2018 წელს 6073 სამუშაოს მაძიებლიდან სულ 99 დასაქმდა.

სახელმწიფოს პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტურია დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები განსხვავდება სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების ბრალდებებისგან. შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სასამართლოს მთავარი სპეციალისტი, თამარ რურუა, აღნიშნავს რომ არსებული პროგრამები წარმატებით ხორცილედება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, სუბსიდირების, მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელშემწყობი მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა.

პროგრამების ეფექტურობისა თუ არაეფექტურობის მიუხედავად ადაპტირებული გარემოს არარსებობა დიდი პრობლემაა შშმ პირებისთვის. ფიზიკური და სოციალური გარემო ხელმიუწვდომლობის გამო პროგრამის ფარგლებში სამუშაოს გაგრძელება და ზოგადად დასაქმება შეუძლებელი ხდება.

ამას აღნიშნავს ესმა გუმბერიძე:,,დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ის სამუშაოები, რომლებითაც ადამიანები იწყებენ ხოლმე კარიერას, ჩემთვის მიუწვდომელია. მაგ. იურიდიული პროფესია, სტაჟიორის მოვალეობების შესრულება: სირბილი, საბუთების ტარება აქეთ-იქით, მე არ შემიძლია“. ამბობს ესმა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა. ,,მე შემიძლია ვიყო ადვოკატი, მაგრამ საფეხურებს როგორღაც უნდა გადავახტე, რაც ქვეყნის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელია. ოჯახს კი იურიდიული ფირმის გახსნა არ შეუძლია“. EMC-ის წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილიც აღნიშნავს რომ დასაქმების ადგილზე არსებული პრობლემები არ არის შშმ პირებზე მორგებული, არაა გონივრული მისადაგების პრინციპი გათვალისწინებული, არავინ უყურებს მათ საჭიროებებს.

,,თანამშრომლობა ადამიანის უფლბებისთვის“ წარმომადგენელი ოლგა კალინა იხსენებს:,,დასაქმების ფორუმზე ერთ-ერთ შშმ პირს, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა 24 საათიანი სამსახური შესთავაზეს. როდესაც მან, იმავე ხელფასზე  კოლეგასთან საათების განაწილება სთხოვა უარი უთხრეს“.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ბოლო წლებში განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი - ,,შშმ პირთა უფლებების შესახებ“ იყო. იგი შრომისა და დასაქმების საკითხსაც მოიცავს, მაგრამ როგორც EMC-ის წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი აღნიშნავს დეკლარაციული ხასიათისაა და მუშაობის პროცესში არ იყვნენ შშმ პირები ჩართულნი:,,ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ერთი და ორი შეხვედა იმართება ხოლმე, რაც არაა საკმარისი“. კანონპროექტი დღემდე პარლამენტშია და მოსმენებს გადის, მაგრამ მარიამ ჯანიაშვილის თქმით მასზე დიდი იმედებს არ ამყარებენ.

კითხვაზე, თუ რა სახის პროგრამები წაახალისებდა შშმ პირთა დასაქმებას, რესპოდენტებმა აღნიშნეს რომ, სახელმწიფომ პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოს გარემოს ადაპტირებასა და დამსაქმებლებში ცნობიერების ამაღლებას. ამ სფეროში მომუშავე პირთა უპირველესი მოთხოვნა კი გაეროს კონვენციების გათვალისწინება და კანონპროექტების სათანადოდ განხორციელებაა. სახელმწიფოს დღევანდელი გეგმა კი დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს მიერ შემუშავებული არსებული პროგრამებისა და სერვისების განხორციელებაა. ,,სახელმწიფო პროგრამები გაძლიერებას აპირებს, დასაქმების ხელშემწყობი ყველა არსებული პროგრამა რეგიონებშიც განხორციელდება, აქტივობებისა და ჩართულობის გათვალიწინებით“-განაცხადა ქალბატონმა თამარ რურუამ.